მთავარი » ფაილები » რჩევები

ზოგიერთი რჩევა სადღესასწაულო მაგიდის გაშლის შესახებ
2012-02-27, 10:32 AM
 
ზოგიერთი რჩევა სადღესასწაულო მაგიდის გაშლის შესახებ  

თითოეული დიასახლისი თავისებურად აწყობს სადღესასწაულო მაგიდას. ერთს მეტად მოსწონს ფერადი სუფრა, მეორეს უჯრედებიანი ან დაჩითული, ხოლო მესამე უპირატესობას ანიჭებს თეთრ სუფრას.

მაგრამ მიუხედავად ჩვენი გემოვნებისა, სადღესასწაულო მაგიდას ყველაზე მეტად უხდება თეთრი, ქათქათა, გახამებული სუფრა.

მიზანშეწონილია, სუფრის ქვეშ მაგიდას გადავაფაროთ სქელი ქსოვილი, რომელიც მას დაიცავს დაზიანებისაგან და თან ჭურჭელი არ იხმაურებს. აქვე უნდა ღვნიშნოთ, რომ სადღესასწაულო თეთრ სუფრაზე გამჭვირვალე ცელოფანის გადაფარება არ არის მიზანშეწონილი.

რა თქმა უნდა, სადღესასწაულო სუფრაზე უნდა გამოვიტანოთ საუკეთესო ჭურჭელი. სასურველია სუფრის გაწყობა მთლიანი სერვიზით - ერთსახოვანი მოყვანილობის და ფერის ჭურჭლით. სადღესასწაულო სუფრაზე პირველი თავი საჭმელი ძირითადად არ მიიტანება, ამიტომ ღრმა თეფშების დაწყობა არ არის საჭირო. მაგიდაზე ვაწყობთ ორ თეფშს, ძირითადი ცხელი საჭმელებისათვის და ზემოდან პატარა თეფშს საუზმისათვის.

თუ მაგიდის გაშლა გვსურს ყველა წესების დაცვით, როგორც თეფშების რაოდენობა, ასევე დანა-ჩანგალი და ჭიქები უნდა დაიწყოს რამდენიმე სახის, იმის მიხედვით, რამდენი თავი საჭმელი და სასმელია, მაგრამ უფრო მოხერხებულია შემოვიფარგლოთ მხოლოდ ორი სახის თეფშით.

შემდეგ ვალაგებთ დანა-ჩანგალს; დანას ვდებთ თეფშის მარჯვენა მხარეს, გალესილი პირი თეფშისაკენ; ჩანგალს ვდებთ მარცხნივ, ამობურცული მხარე ქვევით. თეფშის წინ ვდებთ პატარა დანას (ხილისათვის), ჩანგალს ტორტისა და სხვა ნამცხვრისათვის, ჩაის კოვზს ნაყინისა და სხვა ჩაროზისათვის.

ჭიქებს ვაწყობთ თეფშის წინ, ოდნავ მარჯვნივ, რომ ასაღებად მოხერხებული იყოს; სასურველია ჭიქები იყოს ერთი სახის, განსხვავებული მხოლოდ ზომით.

ბოლო დროს ხმარებაშია ქაღალდის ხელსახოცები, მაგრამ სადღესასწაულო მაგიდაზე მიზანშეწონილია ქსოვილის ხელსახოცები, რომლებიც შეიძლება დავდოთ თეფშზე ზევიდან, გვერდით და მივცეთ სხვადასხვა ფორმა. მაგიდაზე ცალკე შეიძლება მივიტანოთ ქაღალდის ხელსახოცებიც, სპეციალური ჩასალაგებლებით.

სუფრის გასალამაზებლად შეიძლება დავდგათ რამდენიმე ლარნაკი ყვავილებით. დიასახლისთან ახლოს საჭიროა იდგას პატარა მაგიდა, სადაც მოთავსდება სხვადასხვა ჭურჭელი და სუფრისათვის საჭირო საგნები.
ცივი საჭმელი ადრევე ლაგდება მაგიდაზე. ცენტრალურ ადგილებში იდგმება ოჯახის საფირმო საჭმელები, ისეთნაირად, რომ სუფრის ყველა წევრმა ადვილად დაინახოს და მიწვდეს გადმოსაღებად. აქვე იდგმება სხვადასხვა სახის საწებლები - მარილი, მდოგვი და სხვა.

პური იჭრება თხელ, პატარა ნაჭრებად და მიიტანება სპეციალური საპურეთი ან ჩვეულებრივი თეფშებით.

თუ სტუმრად გეწვევათ 5-6 კაცი, ცხელი საჭმელი იდგმება მაგიდაზე დიდი ლანგარით, ხოლო თუ სუფრა მრავალრიცხოვანია, საჭიროა ჩამოტარება. მაგიდის თითოეულ წევრთან მიტანა ხდება მარცხენა მხრიდან და სტუმარი ლანგარიდან თავად იღებს საჭმელს სასურველი რაოდენობით.

მჭადი და ღომი მაგიდაზე მიიტანება ცხლად. მჭადი სასურველია პატარ-პატარა გამოცხვეს, რომ დაჭრა არ დასჭირდეს. მჭადები ლაგდება პურთან ერთად, ღომი მიიტანება პატარა საუზმის თეფშებით.

სასმელის ბოთლები, გარდა შამპანურისა, სუფრაზე მიტანის წინ გაიხსნება.

კარგად გარეცხილი ხილი სპეციალური ლარნაკებით ჩაიდგმება. თუ სუფრა მრავალრიცხოვანია, ხილი განაწილდება რამოდენიმე ადგილას.

ტკბილეულის მიტანის წინ საჭიროა სუფრიდან ავიღოთ დაცლილი ჭურჭელი, საწებელბი და სხვა. ასევე უნდა მოსუფთავდეს მაგიდის საფარი.

ნახმარი თეფშების, დანა-ჩანგლის და სხვა ჭურჭლის შეცვლა ახლით საჭიროა მოხდეს სწრაფად და ხმაურის გარეშე.
კატეგორია: რჩევები | დაამატა: kopala | ტეგები: გაშლის, ზოგიერთი, მაგიდის, ზოგიერთი რჩევა სადღესასწაულო მაგიდი, magida, სადღესასწაულო, შესახებ, რჩევა, rcheva
ნანახია: 3263 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1